ზოგადად, ვინაობის სრული დაფარვა შეუძლებლია, Tor-ითაც კი. მიუხედავად ამისა, არის რაღაც საკითხები, რომლებიც შეიძლება გაითავისოთ, რაც დაგეხმარებათ ვინაობის უკეთ დაფარვაში Tor-ით სარგებლობისას და მის გარეშეც.

გამოიყენეთ Tor-ბრაუზერი და ის პროგრამები, რომლებიც გათვლილია Tor-თან სამუშაოდ

Tor არ დაიცავს თქვენი კომპიუტერის ყველა კავშირს მისი გამოყენებისას. Tor მხოლოდ იცავს იმ აპლიკაციებს, რომლებიც სათანადოდ არის გამართული, რომ ინტერნეტს დაუკავშირდეს Tor-ის გავლით.

ვებსივრცეში სამოგზაუროდ:

ფაილთა გასაზიარებლად:

ყურადღება გამოიჩინეთ ვებგვერდის ველებში მონაცემების შეტანისას

თუ საიტს ეწვევით Tor-ბრაუზერით, მათ არ ეცოდინებათ თქვენი ვინაობა და ნამდვილი მდებარეობა. სამწუხაროდ, ბევრი საიტი ითხოვს მეტი პირადი მონაცემის ველებში შეყვანას. თუ ასეთი საიტის ანგარიშზე შეხვალთ, მათ მაინც არ ეცოდინებათ თქვენი ნამდვილი მდებარეობა, მაგრამ გაიგებენ, ვინ ხართ. გარდა ამისა, თუ მიაწვდით სახელს, ელფოსტას, მისამართს, ტელეფონის ნომერს ან ნებისმიერ სხვა პირად ინფორმაციასაც, ასეთი საიტისთვის თქვენი ვინაობა აღარ იქნება დაფარული. საუკეთესო დაცვა გულისხმობს სიფხიზლეს და მეტ ყურადღებას ველების შევსებისას.

Torrent არ გამოიყენოთ Tor-ით

Torrent-თ ფაილთა გასაზიარებელი აპლიკაციები შემჩნეულია პროქსის პარამეტრების უგულებელყოფასა და პირდაპირი კავშირების დამყარებაში იმ შემთხვევაშიც კი, როცა მითითებული აქვს, რომ Tor გამოიყენოს. მხოლოდ Tor-ის გავლითაც რომ უკავშირდებოდეს ქსელს torrent-პროგრამა, დროდადრო მაინც იგზავნება თქვენი ნამდვილი IP-მისამართი აღმრიცხავის GET-მოთხოვნაში, ვინაიდან სწორედ ასე მუშაობს torrent. არა მხოლოდ torrent-ით მიმოცვლილ და იმავდროულად Tor-ის ვებმონაცემებს ამჟღავნებთ ამით, არამედ მთლიანად Tor-ქსელსაც ანელებთ სხვა მომხმარებელთათვისაც.

არ ჩართოთ ან ჩადგათ ბრაუზერის მოდულები

Tor-ბრაუზერი ზღუდავს მოდულებს, როგორებიცაა Flash, RealPlayer, Quicktime და სხვები: მათი მეშვეობით თქვენი IP-მისამართის დადგენაა შესაძლებელი. აგრეთვე, არ გირჩევთ, დააყენოთ დამატებები ან მოდულები Tor-ბრაუზერში, რადგან შესაძლოა, Tor-ის გვერდის ავლით ან რამე სხვა გზით გაამჟღავნოს თქვენი ვინაობა.

გამოიყენეთ HTTPS-ვერსიები ან საიტები

Tor შიფრავს თქვენს კავშირს Tor-ქსელში, მაგრამ დაშიფვრის უზრუნველყოფა უშუალოდ საიტამდე დამოკიდებულია თავად ამ ვებსაიტზე. საიტებთან დაშიფრული კავშირის საწინდრად პირადულობის დაცვისთვის, Tor-ბრაუზერს მოჰყვება მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი, რომ HTTPS-დაშიფვრა იძულებით ამოქმედდეს იმ ვებსაიტებზე, რომელთაც აქვს ამის მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი ბრაუზერის მისამართების ველს და გადაამოწმოთ, ახლავს თუ არა საკეტის ან ხახვის ნიშანი იმ საიტის ბმულს, რომელსაც აწვდით მნიშვნელოვან მონაცემებს, ამასთანავე, თავსართად უნდა ჰქონდეს https:// და სწორად ეწეროს ვებსაიტის დასახელება. აგრეთვე იხილეთ EFF-ის მომზადებული ურთიერთქმედი გამოსახულება უკეთ გასარკვევად, როგორაა Tor და HTTPS დაკავშირებული.

ნუ გახსნით Tor-ით ჩამოტვირთულ დოკუმენტებს ინტერნეტში ყოფნისას

Tor-ბრაუზერი გაგაფრთხილებთ, სანამ ავტომატურად გაიხსნება დოკუმენტი სხვა პროგრამით. არ უგულებელყოთ ეს გაფრთხილება. ფრთხილად უნდა იყოთ დოკუმენტების Tor-ით ჩამოტვირთვისას (განსაკუთრებით DOC- და PDF-ფაილების, გარდა იმ შემთხვევისა, თუ Tor-ში ჩაშენებულ PDF-გამხსნელს გამოიყენებთ) ვინაიდან ეს დოკუმენტები შეიძლება შეიცავდეს ინტერნეტმასალებს, რომლებიც ჩამოიტვირთება Tor-ის გვერდის ავლით სხვა გამხსნელი პროგრამის მეშვეობით. შედეგად თქვენი IP-მისამართი გამჟღავნდება Tor-ის მიღმა. თუ გსურთ Tor-ით ჩამოტვირთულ ფაილებთან მუშაობა, დაჟინებით გირჩევთ, ან გამოაერთოთ ქსელიდან კომპიუტერი, ან გამოიყენოთ dangerzone უსაფრთხო PDF-ფაილების შესაქმნელად, რომელთა გახსნაც თავისუფლად შეგეძლებათ. სამაგიეროდ, ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხის შემცველია BitTorrent და Tor ერთად.

ხიდების გამოყენება და/ან კომპანიის პოვნა

Tor ცდილობს, არ მისცეს შემტევებს საშუალება, გაიგონ, თუ რომელ საიტს უკავშირდებით. მიუხედავად ამისა, თქვენი ინტერნეტის მეთვალყურეებს თავისთავად აქვთ შესაძლებლობა, იხილონ, როდის იყენებთ Tor-ს. თუ ეს გაღელვებთ, შეგიძლია საფრთხის შემცირება Tor-თან ხიდის მეშვეობით მიერთებით, ნაცვლად Tor-ქსელთან პირდაპირი კავშირისა. საერთო ჯამში, საუკეთესო დაცვა საზოგადოებრივი მიდგომაა: რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს Tor-ს თქვენ ირგვლივ სხვადასხვა მიზნით, მით მეტად შემცირდება იმის გარკვევის შანსი, რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ. შესთავაზეთ სხვებსაც, გამოიყენონ Tor!

იყავით მოხერხებული და უკეთ გაერკვიეთ. კარგად გაითავისეთ, რას გთავაზობთ Tor და რას – ვერა. ეს სია საფრთხეებისა არაა სრული და დაგვეხმარეთ, რომ გამოვავლინოთ და აღვწეროთ ყველა მათგანი.