ზოგჯერ მავნე ხალხი იყენებს Tor-ს IRC-არხების დასატროლად. ამ დარღვევების შედეგად კი ცალკეული IP დროებით იზღუდება („klines“, იგივე „სიკვდილის ხაზზე გადადის“ IRC-ენაზე), რომ ქსელის ზედამხედველმა შეძლოს ტროლის მოცილება არხიდან.

ამგვარი საპასუხო მოქმედება ნამდვილად ძირეული ნაკლია IRC-ის უსაფრთხოების მოდელში: ისინი მიიჩნევენ, რომ IP-მისამართი წარმოადგენს ცალკეულ პიროვნებას და IP-მისამართის შეზღუდვით ამ პირს ზღუდავენ. სინამდვილეში კი ასე არაა — ტროლების უმეტესობა ჩვეულებრივ იყენებს მილიონობით პროქსის ან გატეხილ კომპიუტერს, მთელ ინტერნეტში. IRC-ქსელები წაგებულ ომშია ჩართული, ყველა კვანძის შეზღუდვის მცდელობით და სახელსახელოდ შექმნილი ტროლების საწინააღმდეგო აკრძალვების სიებით, ნაკლოვანების მქონე უსაფრთხოების მოდელის გამო (მსგავსად ანტივირუსების სფეროსი). Tor-ქსელი აქ მხოლოდ ზღვაში წვეთია.

მეორე მხრივ, IRC-სერვერის მფლობელების თვალით თუ შევხედავთ, უსაფრთხოება არაა გადამწყვეტი რამ. სწრაფმა პასუხმა ტროლებზე ან ნებისმიერ სოციალურ შეტევაზე, შეიძლება ნაკლებ მიმზიდველი გახადოს შეტევის მიმდინარეობა თავდამსხმელისთვის. თან, უმეტესად ცალკეული IP-მისამართი, მართლაც შეესაბამება ცალკეულ პიროვნებას, მოცემულ IRC-ქსელში, მოცემული დროისთვის. გამონაკლისია NAT-გამსვლელები, რომლებიც შესაძლოა განისაზღვროს წვდომისთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ ესაა წაგებული ბრძოლა ღია პროქსების წინააღმდეგ, ზოგადად არაა წაგებული ცალკეული მავნებელი IRC-მომხმარებლებთან მიმართებით, ვინაიდან ასეთ მომხმარებელს ადრე თუ გვიან მობეზრდება და მიატოვებს არხს.

მაგრამ ქმედითი პასუხი მაინც იქნება პროგრამულ დონეზე დამოწმების სისტემები, რომლითაც კარგი მომხმარებლები დაიშვებიან, ხოლო ცუდები არა. ეს უნდა ეფუძნებოდეს იმ საშუალებებს, რომლებიც გააჩნია ადამიანს (მაგალითად დამახსოვრებული პაროლი) და არა იმ გზებს, რომლითაც მათი მონაცემები გადაიცემა.

რასაკვირველია, ყველა IRC-ქსელი არ ცდილობს Tor-ის შეზღუდვას. ყველაფრის მიუხედავად, საკმაო ოდენობის ხალხი იყენებს Tor-ს IRC-ისთვის პირადულობის დასაცავად და საჭიროებისამებრ ურთიერთობებისთვის, ნამდვილი ვინაობის დართვის გარეშე. თითოეულმა IRC-ქსელმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მილიონობით IP-ის შეზღუდვა, ცუდი ხალხის მიერ მათი გამოყენების ალბათობის გამო, იმ წესიერი მომხმარებლების წვლილის დაკარგვად, რომლებიც Tor-ით სარგებლობენ.

თუ შეზღუდული ხართ, დაელაპარაკეთ ქსელის ზედამხედველებს და აუხსენით არსებული მდგომარეობა. მათ შეიძლება არც ჰქონდეთ გაგონილი Tor-ის შესახებ, ან შეიძლება არ იცოდნენ, რომ აკრძალული მისამართები Tor-ის გამსვლელ კვანძებს წარმოადგენს. თუ კარგად აუხსნით საკითხს და ისინი მაინც Tor-ის შეზღუდვაზე შეჯერდებიან, ალბათ აჯობებს სხვა ქსელში გადახვიდეთ, სადაც სიტყვის მეტი თავისუფლებაა. შეგიძლიათ მოიწვიოთ კიდეც #tor არხში irc.oftc.net მისამართზე, რაც დაარწმუნებს მათ, რომ არ ვართ ცუდი ხალხი.

და ბოლოს, თუ გადააწყდით IRC-ქსელს, რომელიც ზღუდავს Tor-ს ან Tor-ის რომელიმე გამავალ კვანძს, გთხოვთ ეს ინფორმაცია განათავსოთ The Tor IRC block tracker გვერდზე, რომ სხვებმაც გააზიარონ. სულ მცირე ერთი IRC-ქსელი მაინც არის, რომელიც ითვალისწინებს ამ გვერდს, რომ მოხსნას გამავალ კვანძს, შემთხვევით დადებული შეზღუდვა.