ინტერნეტკავშირი ეფუძნება შენახვისა და გადაცემის სქემას, მსგავსად საფოსტო გზავნილისა: მონაცემები გადაიცემა ჯგუფ-ჯგუფად IP-შეკვრებად. თითოეული შეკვრა შეიცავს წყაროს IP-მისამართს (გამგზავნის) და დანიშნულების წერტილის IP-მისამართს (მიმღების), როგორც საფოსტო წერილზეა ხოლმე დატანილი გამგზავნისა და მიმღების მონაცემები. გამგზავნსა და მიმღებს შორის გზა მოიცავს მრავალ სხვადასხვა კვანძსა თუ გადამცემს, რომელთაგან თითოეული ამოწმებს დანიშნულების ადგილის ინფორმაციას და ამისამართებს შეკვრას მასთან უფრო ახლოს მდებარე კვანძისკენ. ამგვარად, თითოეული გადამცემი გამგზავნსა და მიმღებს შორის იგებს, თუ რომელ გამგზავნს რომელ მიმღებთან აქვს კავშირი. რომ დავაზუსტოთ, თქვენი ინტერნეტის მომწოდებელს აქვს საშუალება, სრული დახასიათება შეადგინოს თქვენ მიერ ინტერნეტის გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, სხვა მომსახურე კვანძებსაც შეუძლია გაგზავნილი შეკვრების ნახვა და თქვენი ჩვევების გამოკვლევა.

Tor-ის მიზანია, უზრუნველყოს თქვენი პირადულობის ხელშეუხებლობა მონაცემების გატარებით სხვადასხვა შუამავლის გავლით. თქვენი კავშირი იშიფრება რამდენიმე ფენად და იგზავნება არაერთი კვანძით Tor-ქსელში საბოლოო დანიშნულების ადგილას მიწოდებამდე. დაწვრილებით იხილეთ წარმოდგენილი გამოსახულება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ინტერნეტის მომწოდებელს შეეძლება შეიტყოს Tor-თან კავშირის შესახებ. ზუსტად ასევე, ინტერნეტში დანარჩენ მომსახურე კვანძებსაც ეცოდინებათ, რომ Tor-იდან უკავშირდებიან.

საერთო ჯამში, Tor ცდილობს მოაგვაროს სამი საკითხი პირადულობის დაცვისთვის:

პირველი, Tor არ აძლევს საშუალებას ვებსაიტებსა თუ სხვა მომსახურებებს, რომ შეიტყონ, თუ საიდან უკავშირდებით, შედეგად კი ვერ შეძლებენ აღრიცხონ თქვენი ჩვევები და მისწრაფებები. Tor-ით სარგებლობისას თქვენი ინტერნეტკავშირები თავისთავად არ გაგცემთ –– თავად წყვეტთ, რა სახის ინფორმაცია რა რაოდენობით გაასაჯაროოთ.

მეორე, Tor ყველას უზღუდავს თქვენს კავშირზე დაკვირვების საშუალებას (მათ შორის ინტერნეტის მომწოდებელსა და ნებისმიერს, ვისაც წვდომა აქვს თქვენი სახლის WiFi-სთან ან როუტერთან) და ვერავინ ნახავს, რა ინფორმაციას იღებთ ან საიდან იღებთ. აგრეთვე, ართმევს მათ შესაძლებლობას, გადაგიწყვიტონ, რა იხილოთ ან რა გამოაქვეყნოთ -- როცა Tor-ქსელის ნაწილი ხდებით, ინტერნეტში ყველა საიტი ხელმისაწვდომი ხდება თქვენთვის.

მესამე, Tor ამისამართებს კავშირს რამდენიმე გადამცემის გავლით, შესაბამისად, ვერცერთ ცალკეულ გადამცემს ვერ ეცოდინება, რას საქმიანობთ ინტერნეტში. ვინაიდან ყველა ეს გადამცემი გაშვებულია სხვადასხვა ადამიანის ან დაწესებულების მიერ, ამგვარი დანაწილება კი მეტად სანდო და უსაფრთხოა, ვიდრე მოძველებული მიდგომა საერთო შუამავლის გამოყენებით.

გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს გარემოებები, როცა Tor სრულად ვერ ახერხებს ვინაობის გამჟღავნებისგან დაცვას: იხილეთ შეტევის შერმოჩენილი სახეები.