ჩვეულებრივი პროქსი გთავაზობთ სერვერს ინტერნეტში და საშუალებას გაძლევთ, მისი გავლით მიმოცვალოთ მონაცემები. ეს ქმნის უბრალო, მარტივად ასამუშავებელ სისტემას. მომხმარებლები შედიან და გადიან ერთსა და იმავე სერვერიდან. მომწოდებელმა შეიძლება დააწესოს გადასახადი პროქსის გამოყენებისთვის ან დანახარჯები დაფაროს რეკლამების მეშვეობით. თუ მარტივი აგებულებისაა, არ გჭირდებათ არაფრის დაყენება. მხოლოდ უნდა მიუთითოთ ბრაუზერში პროქსის სერვერი. მარტივი პროქსი არის კარგი გადაწყვეტა, როცა არ გჭირდებათ პირადი მონაცემების დაცვა და ვინაობის გაუმხელობა ინტერნეტში, აგრეთვე, როცა მიგაჩნიათ, რომ მომწოდებელიც სანდოა. ზოგიერთი პროქსი იყენებს SSL-საც უსაფრთხო კავშირებისთვის, რაც გიცავთ მეთვალყურეებისგან, მაგალითად კაფეებში, უფასო უსადენო ინტერნეტით სარგებლობისას.

მარტივი პროქსის მომწოდებლები აგრეთვე ქმნიან საფრთხისგან დაუცველ სისტემას. მომწოდებელმა იცის, ვინ უკავშირდება და რომელ საიტებზე გადადის ინტერნეტში. მათ შეუძლიათ იხილონ თავიანთი სერვერის გავლით მიმოცვლილი თქვენი მონაცემები. ზოგ შემთხვევაში კი იხილავენ დაშიფრულ მონაცემებსაც, რომელთაც გადასცემენ საბანკო ან სავაჭრო საიტებს. თქვენ უნდა ირწმუნოთ მომწოდებლის, რომ არ ადევნებს თქვენს მიმოცვლილ მონაცემებს თვალს, გაგზავნილ ნაკადში არ ჩაამატებს რეკლამებს ან არ დაიმახსოვრებს პირად ინფორმაციას.

Tor კი მონაცემებს ატარებს სულ მცირე 3 სხვადასხვა სერვერის გავლით, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევს. ვინაიდან ამ სამ გადამცემს შორის მიმოცვლილი ინფორმაცია იშიფრება სამ დამოუკიდებელ შრეზე, ვინმე თუ თქვენს კავშირს თვალს ადევნებს, ვერ შეძლებს Tor-ქსელში გაგზავნილი მონაცემების შეცვლას ან წაკითხვას. თქვენი მონაცემები იშიფრება Tor-პროგრამიდან (თქვენი კომპიუტერიდან) და იხსნება მსოფლიოს სულ სხვა ნაწილში.

პირველი სერვერი ვერ დაინახავს ვინ ვარ?

შესაძლოა. არასანდო პირველმა სერვერმა სამიდან შეიძლება დაადგინოს, რომ დაშიფრული Tor-კავშირი თქვენი კომპიუტერიდან მოდის. მიუხედავად ამისა, მას მაინც არ შეეძლება გაიგოს, კონკრეტულად ვინ ხართ და რას საქმიანობთ Tor-ით. მას შეუძლია მხოლოდ ნახოს, რომ „ეს IP-მისამართი იყენებს Tor-ს“. ასე რომ, მოცემულ კვანძს მაინც ვერ ეცოდინება ერთდროულად ის, თუ ვინ ხართ და რას ნახულობთ ინტერნეტში.

მესამე სერვერი ვერ ნახავს ჩემ მიერ გაგზავნილ მონაცემებს?

შესაძლოა. არასანდო მესამე სერვერს სამიდან შეუძლია იხილოს Tor-ში გაგზავნილი თქვენი მონაცემები. მაგრამ არ ეცოდინება, ვინ გაგზავნა ეს მონაცემები. ხოლო თუ დაშიფრულ კავშირს იყენებთ (როგორიცაა HTTPS), მაშინ დანიშნულების წერტილის გარდა ვერაფერს შეიტყობს. თვალსაჩინოებისთვის იხილეთ გამოსახულება Tor და HTTPS რომ გაიგოთ, როგორ ურთიერთქმედებს Tor და HTTPS.